„მე მიყვარს კლასიკური მუსიკა“ – მესამე საჯარო ლექცია – კონცერტი გაიმართება

7 ნოემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში კლასიკური მუსიკის შემეცნებითი პროგრამის „მე მიყვარს კლასიკური მუსიკა“ მესამე საჯარო ლექცია – კონცერტი გაიმართება. ლექცია-კონცერტი საორკესტრო – ჩასაბერ ინსტრუმენტებს დაეთმობა, რომელსაც მსმენელს ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველი კლარნეტისტი ლევან ცხადაძე წარუდგენს. წარმოდგენილი იქნება კლასიკური მუსიკის საუკეთესო ნიმუშები. მსმენელს ერთი საათის განმავლობაში საშუალება ექნება, გაეცნოს ხის და ლითონის ჩასაბერ ინსტუმენტებს.
ლევან ცხადაძე თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალისა და ქუთაისის კლასიკური მუსიკის ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია, ასევე არის ჭიათურის მუსიკის აკადემიის თანადამაარსებელი. ამჟამად მოღვაწეობს როგორც სოლისტი და ანსამბლისტი. კლასიკური მუსიკის შემეცნებითი პროგრამა „მე მიყვარს კლასიკური მუსიკა“ კონსერვატორიის დიდი დარბაზის ინიციატივაა და განკუთვნილია ბავშვებისთვის და არა მარტო მათთვის.
2014 – 2015 წლის სეზონზე პროგრამის ფარგლებში ტარდება ათი ერთისაათიანი საჯარო ლექციის კონცერტების პირველი სერია, რომელიც მოიცავს კლასიკური მუსიკის მრავალფეროვან თემატიკას საორკესტრო, ინსტრუმენტული, ვოკალური მუსიკის ჩათვლით, რომელიც თავის მხრივ სხვადასვა ჟანრს, სტილს, ეპოქასა და კომპოზიტორებს გააერთიანებს.
თითოეულ კონცერტს გაუძღვებიან ახალგაზრდა პროფესიონალი მუსიკოსები და ხელოვანები (კოკა ნიკოლაძე, ნინო ჟვანია, ლევან ცხადაძე, მირიან ხუხუნაიშვილი, ნინო სურგულაძე, გოგი ჭიჭინაძე, ნინო ანანიაშვილი) და მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები, მათ შორის უნიჭიერესი ნორჩი მუსიკოსებიც.
კონცერტები ჩატარდება თვეში ერთხელ, 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის ივნისის ჩათვლით, კონსერვატორიის დიდ დარბაზში.
კლასიკური მუსიკის შემეცნებითი პროგრამის 2014 – 2015 აკადემიური წლის სეზონის ათივე კონცერტზე დასასწრებად მოქმედებს სპეციალური აბონემენტი. ასევე კონკრეტულ კონცერტზე მოსახვედრად შესაძლებელია ერთჯერადი ბილეთის შეძენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები