“ფორბსმა” ბიონსე ყველაზე შემოსავლიან ქალ მუსიკოსად აღიარა
მომღერალი ბიონსე ნოულსი 2014 წლის ყველაზე შემოსავლიან და წარმატებულ მომღერალ ქალბატონად დასახელდა. “ფორბსის” მონაცემებით, მან გასული წლის შედეგები მნიშვნელოვნად გაზარდა; მარტო 2013 წლის ივნისიდან 2014 წლის ივნისამდე მომღერალმა 115 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.
ბიონსეს ანგარიშზე 95 კონცერტი, ათეულობით სარეკლამო კონტრაქტი და ერთი სოლო ალბომია, რომელმაც გაყიდვების მხრივ ლიდერობა მომენტალურად მოიპოვა.
ბიონსე R&B ჟანრის მომღერალია, ამასთან ის მუსიკალური პროდიუსერი, მსახიობი, მოცეკვავე და მოდელი გახლავთ. მომღერალს „გრემის“ 17 პრემია აქვს მოპოვებული, მათგან 14, როგორც სოლო შემსრულებელს და კიდევ 3, როგორც ჯგუფ „Destiny’s Child“-ის წევრს.
ხმის ჩამწერი კომპანია Sony-ს მონაცემებით, საერთო ჯამში ბიონსეს დისკები 100 მილიონზე მეტი ეგზემპლიარით არის გამოშვებული.
მეორე ადგილზე გასული ქანთრის ჟანრის მომღერლის ტეილორ სვიფტის შემოსავალი 64 მილიონი აშშ დოლარია. მესამე ადგილზე ფინკი – 52 მილიონი აშშ დოლარით, მეოთხეზე რიანა – 48 მილიონით, ხოლო მომღერალი ქითი პერი ხუთეულს 40 მილიონი აშშ დოლარით ასრულებს.
საინტერესოა, რომ უმდიდრესმა მომღერალმა, პოპ-მუსიკის დედოფლად აღიარებულმა მადონამ გასულ წელს, მხოლოდ 10 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.