გორდულაძე – რასა იუკნევიჩიენეზე: მას სიტყვის ამოღების უფლებაც კი არ უნდა ჰქონდეს წესით საქართველოსთან მიმართებით, სანამ მოსახლეობას არ მოუხდის ბოდიშს
”მას სიტყვის ამოღების უფლებაც კი არ უნდა ჰქონდეს წესით საქართველოსთან მიმართებით, სანამ საქართველოს მოსახლეობას არ მოუხდის ბოდიშს”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე აცხადებს და ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშს ეხმაურება, რომელსაც ევროპარლამენტი კენჭს უყრის.
როგორც გორდულაძე ამბობს, იუკნევიჩიენეს ნებისმიერი ანგარიში არის უბრალოდ “ფურცელზე დაწერილი რაღაც”.
“მას სიტყვის ამოღების უფლებაც კი არ უნდა ჰქონდეს წესით საქართველოსთან მიმართებით, სანამ იგი საქართველოს მოსახლეობას არ მოუხდის ბოდიშს. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ქალბატონი, მაგალითად, 2025 წლის 4 ოქტომბერს ამბობდა, რომ ეს იყო ადამიანების თავისუფალი ნების გამოხატვის ჩახშობა და ახლა 22-ზე მეტი ადამიანი აღიარებს, რომ ისინი იყვნენ ჩართულები ორგანიზებულ დანაშაულში, რომლის მიზანიც იყო, რომ ხელში ჩაეგდოთ სტრატეგიული ობიექტი, პრეზიდენტის სასახლე. მაშინ, როდის იტყუებოდა ეს ქალბატონი, როდესაც წარსულში საუბრობდა თუ ის ადამიანები არიან სიცრუეში შეყვანილები, რომლებიც აღიარებენ საკუთარ დანაშაულებრივ ქმედებებს“, – აღნიშნავს გორდულაძე.
ცნობისთვის, რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე ევროპარლამენტში კენჭისყრა დღეს გაიმართება.