„სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში“ ცვლილებები შედის 

„სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში“ მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრიდან ცვლილებები ამოქმედდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, წარმატებული მაგისტრანტების სტიპენდია სემესტრულად 562,5 ლარის ნაცვლად 1 000 ლარი გახდება. ასევე, ამოქმედდება ახალი პროგრამა სახელწოდებით „ახალგაზრდა მეცნიერები თბილისისთვის“.

„პროგრამის ფარგლებში, კვლევითი გრანტებით დავაფინანსებთ იმ ახალგაზრდა მკვლევარებს, რომლებიც დედაქალაქის გამოწვევების გადაჭრასა და ინოვაციური იდეების შემუშავებაზე იმუშავებენ, მუნიციპალური საჭიროებების გათვალისწინებით დეფიციტური სფეროების განსაზღვრა კი ყოველწლიურად განხორციელდება. ასევე გაგრძელდება იმ სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა, რომლებმაც 2026-2027 სასწავლო წლამდე მოიპოვეს სწავლის უფლება სახელმწიფო ან კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტის მერია, ყოველსემესტრულად, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის სწავლის საფასურს აფინანსებს.

„სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე წელს 1 280-მა სოციალურად დაუცველმა, 500-ზე მეტმა მრავალშვილიანი ოჯახის წევრმა სტუდენტმა და 50-მდე შშმ სტუდენტმა მიიღო დაფინანსება. ამასთან, მივესალმებით აღნიშნული მიმართულებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ რეფორმას, რომელიც საჯარო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად გაზრდის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები