შალვა პაპუაშვილი ალბანეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან შეხვედრაზე: ვისაუბრეთ იმ გზაზე, რომელსაც ალბანეთი გადის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, ასევე, თუ რას აკეთებს საქართველო, როდესაც ბრიუსელს არჩეული აქვს კონფრონტაციის გზა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც ალბანეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან შეხვედრაზე განიხილა.
„დღეს პარლამენტის დელეგაცია ვასრულებთ მონაწილეობას ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებაში. მქონდა შესაძლებლობა, რომ ალბანეთის პარლამენტის ვიცე სპიკერს შევხვედროდი, გვესაუბრა უპირველეს ყოვლისა ორმხრივ ურთიერთობაზე, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გაღრმავდეს, როგორც საპარლამენტო დონეზე, ისე ზოგადად ქვეყნებს შორის ურთიერთობა. შევთანხმდით, რომ გვექნება საპარლამენტო თანამშრომლობა, ურთიერთვიზიტების გაცვლა. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ გზაზე, რომელსაც ალბანეთი გადის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, იმ სირთულეებზე, რომლებიც ახლავს ამ გზას, ასევე იმაზე, თუ რას აკეთებს საქართველო იმ გამოწვევების ფონზე, როდესაც სამწუხაროდ, ბრიუსელს არჩეული აქვს კონფრონტაციის გზა. ჩვენ მივყვებით იმ გეგმას, რომელიც ჩვენ გვაქვს დასახული. ასევე ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
გარდა ამისა, დღეს მექნება ბოსნია-ჰერცეგოვინას პარლამენტის ვიცე სპიკერთან შეხვედრის შესაძლებლობა, სადაც ორმხრივ ურთიერთობებსა და ევროპული ინტეგრაციის გზის სირთულეებზე და გამოწვევებზე ვისაუბრებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.