თეირანმა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა წამოაყენა

ირანმა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მთავარი პირობა წამოაყენა, – ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

თეირანი მოლაპარაკებების განახლებამდე თავისი პორტების ბლოკადის მოხსნას მოითხოვს.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განუსაზღვრელი ვადით გაგრძელების შესახებ განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მოლაპარაკების პროცესის დასრულებამდე ძალაში დარჩება.

მან განაცხადა, რომ ამ ნაბიჯის მიზანი მხარეებისთვის დიპლომატიური მოგვარებისთვის მეტი დროის მიცემა იყო.

ირანის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი ზავის გახანგრძლივებას აშშ-ის მცდელობად მიიჩნევენ, მოიგონ დრო შესაძლო თავდასხმისთვის მოსამზადებლად.

ირანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების პირობა ჰორმუზის სრუტის ბლოკადის მოხსნაა. პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველმა მეჰდი მოჰამადიმ აშშ-ის ქმედებებს „ახალი აგრესიისთვის მზადება“ უწოდა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ პორტის ბლოკადა ომის აქტის ტოლფასია და არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-აი, ამირ საიდ ირავანიმ აღნიშნა, რომ დიალოგის განახლება მხოლოდ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში შეზღუდვების მოხსნის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

მედიის თანახმად, ამჟამად, მოლაპარაკებების პერსპექტივები გაურკვეველი რჩება და რეგიონში დაძაბულობა კვლავ იზრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები