ირანმა ისრაელთან კავშირისთვის მაღალი თანამდებობის პირი სიკვდილით დასაჯა

ირანმა სიკვდილით დასაჯა მაღალი თანამდებობის თავდაცვის ოფიცერი, რომელიც ისრაელის სადაზვერვო სააგენტო „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყო ბრალდებული.

ამის შესახებ “ალ ჯაზირა” ირანის სასამართლო სისტემის ოფიციალურ პორტალ “მიზანზე” დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, მეჰდი ფარიდი, რომელიც სამოქალაქო თავდაცვის სახელმწიფო სააგენტოში მაღალ თანამდებობას იკავებდა, ირანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამოახრჩვეს.

გამოძიების დროს ფარიდმა აღიარა, რომ მან სცადა ისრაელის დაზვერვისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა, მათ შორის ორგანიზაციული სქემების, ინტერიერის განლაგების, თავდაცვის ობიექტების უსაფრთხოების სისტემების მონაცემებისა და პერსონალის შესახებ ინფორმაციის.

შეგახსენებთ, 28 თებერვალს აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ოპერაციამ ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაცია გამოიწვია, კონფლიქტში სპარსეთის ყურის ყველა ქვეყანა ჩაერთო და ჰორმუზის სრუტის ბლოკადა გამოიწვია.

ირანმა, შეერთებულმა შტატებმა და მათმა მოკავშირეებმა 2026 წლის 8 აპრილის ღამეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც 21-22 აპრილის ღამეს იწურებოდა.

22 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება პაკისტანის ლიდერების მოთხოვნით იქნა მიღებული და ძალაში დარჩება მანამ, სანამ მოლაპარაკებები არ დასრულდება და შუამავლები კონფლიქტის მოგვარების ერთიან წინადადებას არ შეიმუშავებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები