პრემიერი: პრეზიდენტის ადგილას ასე არ მოვიქცეოდი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის პრეზიდენტის ადგილას, რომ ყოფილიყო ფარულ მოსმენებზე წვდომის ე.წ. გასაღებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადების გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. ამის შესახებ პრემიერმა “ტელეიმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, პრეზიდენტს ვატოს მიღების გადაწყვეტილებამდე პარლამენტთან და პირადად მასთან კონსულტაციები არ გაუვლია.

“მე მაგალითად ასე არ მოვიქცეოდი, ძალიან მარტივი იყო შეთავაზე პარლამენტისთვის, რომ ხომ არ აჯობებდა დეკემბრისთვის გადმოეწიათ ვადა, დარწმუნებული ვარ პარლამენტი ამას გაიზიარებდა, თუ არ გაიზარებდა მაშინ დაუსაბუთებდა, მითუმეტეს პრეზიდენტს ჰქონდა კომუნიკაცია პარლამენტის წარმომადგენლობასთან, მე ვგულისხმობ იმ ჯგუფის ხელმძღვანელობას, რომელიც ჩართულია ამ მოსმენების კანონის შემუშავების პროცესში. აქ მიდგომებზეა საუბარი, თუმცა ეს მისი გადაწყვეტილება იყო და მე არ ვერევი და არ ჩავერევი არასოდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებს ვეტო დღეს დაადო. დღესვე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს და მის საკანონმდებლო შეთავაზებას მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები