პრემიერი პრეზიდენტის ვეტოზე: ცალკე საკითხია ეს რამდენად სწორი იყო…
დღეს რაც მოხდა ეს აბსოლუტურად ნორმალურია, დემოკრატიულია, ეს არის ის რაც ქართველ ხალხს სურდა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფარულ მოსმენებზე წვდომის ე.წ. გასაღებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადები გადაწყვეტილებას.
როგორც მთავრობის მეთაურმა ტელეიმედის გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, პრეზიდენტს აქვს ამის კონსტიტუციური უფლება. პრემიერმა პარლამენტის მიერ პრეზიდენტის დღეს მიღებული გადაწყვეტილება მოიწონა და მას ღირსეული უწოდა. “დღეს რაც მოხდა ეს აბსოლუტურად ნორმალურია, ეს არის ის რაც ქართველ ხალხს სურდა, ცალკე საკითხია ეს რამდენად სწორი იყო. მე განხილვაში არ შევალ, ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება, მისი ნება. ამის თაობაზე განმარტებები გააკეთეს პარალმენტში ჩვენმა უმრავლესობამ. მე მიმაჩნია, რომ ღირსეულად იმოქმედა პარლამენტმა და ღირსეულად უპასუხა პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას აქ განსაკუთრებული არაფერი არ ხდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებს ვეტო დღეს დაადო. დღესვე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს და მის საკანონმდებლო შეთავაზებას მხარი დაუჭირა.
პრეზიდენტის პროექტს ხმა 95-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი ერთი დეპუტატი წავიდა.