გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრმა სპექტაკლ „ხანუმას” პრემიერით საიუბილეო, 180-ე სეზონი დაასრულა
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლ „ხანუმას” პრემიერა გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სპექტაკლით თეატრმა საიუბილეო, 180-ე სეზონი დაასრულა.
რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ ცნობილი პიესა მაყურებელს ახლებური ინტერპრეტაციით წარუდგინა. სპექტაკლის სცენოგრაფია შოთა ბაგალიშვილს ეკუთვნის, კოსტიუმების მხატვარი ანანო დოლიძეა, ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე, კომპოზიტორი – ანუკი ცქვიტინიძე, წარმოდგენაში გაჟღერებული სიმღერების ტექსტების ავტორი – ანა ნიკოლავა.
სპექტაკლში ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობები მონაწილეობენ.
პრემიერას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი მირცხულავა დაესწრო.
პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.