გიორგი გაბუნია – საქართველოში ვენის კონვენციას დღეს თუ ვინმე არღვევს, არიან გერმანიისა და ევროკავშირის ელჩები
„დღეს საქართველოში ვენის კონვენციას თუ ვინმე არღვევს, ესენი არიან გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი და ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი,“ – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ელჩი უნდა ასრულებდეს თავის რეალურ ფუნქციას, მუდმივად მუშაობდეს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებასა და განვითარებაზე.
„ფიშერი, ჰერჩინსკი და კიდევ ორი-სამი ქვეყნის ელჩი საქართველოში საპროტესტო მოძრაობებს პირდაპირ აორგანიზებდნენ, სხვადასხვა არხების მეშვეობით აფინანსებდნენ. ჩვენ ვნახეთ არაერთი შეკრების ფაქტი, მათ შორის კარგი გასახსენებელია ლომჯარიას ბოლოდროინდელი ფაქტიც. დიდი ხანია, გერმანიის ელჩთან და ჰერჩინსკისთან დაკავშირებით ეს შთაბეჭდილება გვაქვს. ჰერჩინსკი არის ადამიანი, რომელიც არღვევს ვენის კონვენციის მთელ რიგ მუხლებს და უხეშად ერევა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში.
ფიშერმა გერმანია-საქართველოს ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაიყვანა. ამხელა ზიანი გერმანია-საქართველოს ურთიერთობებში არასდროს არავის მიუყენებია. ელჩი უნდა ასრულებდეს თავის რეალურ ფუნქციას, მუდმივად მუშაობდეს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებასა და განვითარებაზე, ეს ადამიანი ქცეულია რადიკალური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლად და სპიკერად. პირდაპირ მასთან მუშავდება რადიკალების მესიჯბოქსები, თანხმდება და იგეგმება სხვადასხვა ნაბიჯები. არის თუ არა ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა? რა თქმა უნდა, არის“, – განაცხადა გაბუნიამ.