პაპუაშვილი – ხოშტარიაზე: სამარცხვინოა, როდესაც მოძალადეს ეძღვნება დებატები და გაგმირებას ცდილობენ
“სამარცხვინოა, როდესაც მოძალადეს ეძღვნება დებატები და მოძალადის გაგმირებას ცდილობენ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს აჩვენებს, რომ ამ თავყრილობას ღირებულებითი ხაზი დაკარგული აქვს.
„რაც შეეხება მეორე საკითხს, ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით, ამას ეყრდნობა, მათ შორის ის დასკვნები, რაც მოგახსენეთ, სახალხო დეპუტატთა ყრილობასთან დაკავშირებით. ეს არის, რა თქმა უნდა, სამარცხვინო, როდესაც მოძალადეს ეძღვნება დებატები და როდესაც მოძალადის გაგმირებას ცდილობენ. შეგახსენებთ, ელენე ხოშტარია არის ის ადამიანი, რომელიც თავად აღიარებდა, არა მხოლოდ აღიარებდა, არამედ მის ოფისში აღმოჩნდა „მოლოტოვის კოქტეილები“, მაშხალები და სხვა საშუალებები ძალადობის. მან აღიარა, რომ კი, ის ყიდულობს მაშხალებს. ის არიგებს ამ მაშხალებს, რომლითაც წვავდნენ საქართველოს პარლამენტის შენობას, წვავდნენ პოლიციელებს და დამიზნებით ესროდნენ პოლიციელებს. ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“ და ამ ყველაფრის უკან ის რომ იდგა, ის რომ ყიდულობდა, ეს მას აღიარებული აქვს. ამ მოძალადეს უძღვნიან დღეს რეზოლუციას. ეს აჩვენებს, რომ ამ თავყრილობას დაკარგული აქვს საერთოდ ღირებულებითი ხაზი, რომელიც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ დემოკრატიულ ინსტიტუტს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.