„მიყვარს ადამიანები, მათთან ურთიერთობები, და ჩემი თბილი ფერები სწორად ამ სითბოს და სიყვარულს ასახავს“ – მაკა სულხანიშვილი, ხატვაში გათენებული ღამეები და იასამნები

დაიბადა თბილისში, ბავშვობიდან ჰქონდა ხატვის ნიჭი, თუმცა პროფესიად არ აურჩევია და სამედიცინოზე ჩააბარა…
ამბობს, რომ 7 წლის წინ, შვებულების პერიოდში, აიღო ფუნჯი და ტილოზე დახატა. როდესაც  ნამუშევარი მეგობრებს აჩვენა, ძალიან მოეწონათ. ამან  უდიდესი სტიმული მისცა, რომ კიდევ სხვა ნამუშევრებიც შეექმნა. მას შემდეგ ფუნჯი აღარ გადაუდვია გვერდზე. – თვითნასწავლი მხატვრის – მაკა სულხანიშვილის პერსონა.

  როგორ დაიწყეთ ხატვა?
– ხატვის ნიჭი ბავშვობიდან მომდევს, მახსოვს სკოლაში ყველა სტენდზე მე მახატინებდნენ.ზაფხულის არდადეგებს სოფელში ბებიასთან ვატარებდი. ეს იყო ჩემი ბავშვობის უდარდელი და დაუვიწყარი პერიოდი, მას შემდეგ მომდევს სოფლის, ბუნების სიყვარული, რაც ჩემს ნამუშევრებში ნათლად ჩანს…
– შვიდი წლის წინ დაუბრუნდით ხატვას…
– ბავშვობის მერე, თითქმის 20 წელი, ფუნჯი ხელში აღარც ამიღია, რადგან ვსწავლობდი, ვმუშაობდი და ხატვისთვის ნამდვილად აღარ მეცალა… 7 წლის წინ, ერთ-ერთი შვებულების დროს, უცებ გაუაზრებლად მომინდა, რომ ტილოზე საღებავებით დამეხატა. ნატურმორტი დავხატე, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა ჩემს სამეგობროში. ამან მომცა სტიმული, რომ ხატვა გამეგრძელებინა. ჰოდა, მას შემდეგ აღარც გავჩერებულვარ…
– თქვენს შემოქმედებაში დომინირებს ბუნება, წელიწადის დროებით… ფრინველებით და ცხოველებით…   უფრო მეტად წელიწადის რომელი დროს დახატვა გიყვართ?
– ზემოთ აღვნიშნე, რომ ბუნების სიყვარული ბავშვობიდან შემომრჩა, როდესაც მთელ ზაფხულს ბებიასთან ვატარებდი, და ალბათ შეამჩნევდით, ჩემს უმეტეს ნამუშევარში ბუნება და სოფელი დომინირებს.  წელიწადის ყველა დრო მიყვარს, მაგრამ განსაკუთრებულად შემოდგომის ხატვა მიყვარს…
–  ნატურმორტები, ყვავილები…  ფავორიტი ყვავილი, რომლის ხატვაც დიდ სიამოვნებას განიჭებთ?
– ყვავილები ჩემი სისუსტეა, ძალიან მიყვარს, მაგრამ განსაკუთრებულად იასამნის ხატვა მსიამოვნებს.
–  თვალშისაცემია გემოვნებით შეხამებული ფერთა გამა… ამბობენ, რომ ფერთა გამა ხელოვანის შინაგან სამყაროს გადმოსცემს. ეთანხმებით?
– მიყვარს ადამიანები, მათთან ურთიერთობები და ჩემი თბილი ფერები სწორად ამ სითბოს და სიყვარულს ასახავს…
– როგორ დაიხატა თამარის ხიდი აფხაზეთში? ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, თუ თქვენს პეიზაჟებს ჩვენი ძეგლებიც შეემატება…
– თამარის ხიდი აფხაზეთში შეკვეთა იყო, ერთმა კარგმა ადამიანმა შემიკვეთა, რომელსაც ბავშვობა აფხაზეთში, სწორედ მაგ ხიდზე ჰქონდა გატარებული… მოვიძიე ინფორმაცია, სურათები და რამდენიმე კვირის უძილო ღამეების შედეგად შეიქმნა ნამუშევარი  – „თამარის ხიდი აფხაზეთში“.

–  ხატვა და მედიცინა?როდის ჯდებით პალიტრასთან?
– დღე ყოველთვის სამსახურში ვარ, ფუფუნება არ მაქვს, მთელი დღე პალიტრასთან ვიჯდე, იმის მიუხედავად, რომ სამსახური ჩემი მეორე ოჯახია, ყოველთვის მინდა, მალე მივიდე სახლში, რომ ფუნჯი  ავიღო… უფრო ხშირად, ღამე ვჯდები პალიტრასთან და ბევრი ღამეც გამითენებია ხატვაში.
–   პირველი შემფასებლები?
– ჩემი პირველი შემფასებელი მამა იყო, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა.
– სამომავლო გეგმები.
– ბევრი გეგმა მაქვს, ერთ-ერთი ჩემი პერსონალური გამოფენაა.

                                                                                                 თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები