დიმიტრი ხუნდაძე: არსებული გეოპოლიტიკური ვითარება მმართველი გუნდისგან უფრო პრინციპულ და გააზრებულ პოლიტიკურ ნაბიჯებს მოითხოვს, განსაკუთრებით ქვეყნის შიდა და გარე უსაფრთხოების მიმართულებით
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის” თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარება საქართველოსგან უფრო პრინციპულ და გააზრებულ პოლიტიკურ ნაბიჯებს მოითხოვს, განსაკუთრებით ქვეყნის შიდა და გარე უსაფრთხოების მიმართულებით.
„ვკრძალავთ ნაცმოძრაობას, მაგრამ მის მომხრეებს ვაწინაურებთ — ეს ნონსენსია”-განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ მხოლოდ პოზიციონირება და განცხადებები არ არის საკმარისი ომის საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და სახელმწიფოს სჭირდება რეალური, არა სიმპტომური პოლიტიკა. მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვა სწორი ნაბიჯია, თუმცა პარალელურად მისი მხარდამჭერების დაწინაურება საკადრო პოლიტიკაში სერიოზულ რისკებს ქმნის
“ოცნება შეცდომებს უშვებს, რა თქმა უნდა მხოლოდ ჩვენი პოზიციონირება არ იქნებოდა საკმარისი, რომ ომის საფრთხე თავიდან აგვეცილებინა; ჩვენი მეტი სიმართლეც არ იქნებოდა საკმარისი, „ქართულ ოცნებას” რომ სწორი პოლიტიკა არ ეწარმოებინა. თუმცა ამ ახალ გეოპოლიტიკურ საფრთხეებს სჭირდება უფრო მეტი ფიქრი საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
ვფიქრობ, რომ ასეთი მხოლოდ სიმპტომური დამოკიდებულება საკმარისი არ არის. ვკრძალავთ „ნაციონალური მოძრაობას”, რომელიც დესტრუქციის ძირითადი წყაროა, მაგრამ აქაც საკადრო პოლიტიკის ნეგატიური კვეთაა: ვკრძალავთ პარტიას, მაგრამ პარტიის მომხრეებს ვაწინაურებთ და ზოგჯერ პოლიტიკურ თანამდებობებსაც ვთავაზობთ. ეს ნონსენსია და საფრთხეებს ქმნის.
საჭიროა შიდა პოლიტიკური სტაბილურობა იყოს უფრო ძლიერი, შიდა უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ და უფრო მეტად პრინციპულები ვიყოთ. სწორად შევაფასოთ ის, რაც დღეს ხდება — მიმდინარეობს უფრო დიდი გადანაწილება და არსებობს უფრო სერიოზული საფრთხეები. ვფიქრობ, ასეთი სიმპტომური დამოკიდებულება „ქართულ ოცნებას” არ წაადგება.
დასაფიქრებელია, დიდ პოლიტიკურ სცენაზე საქართველო რა ნაბიჯებს გადადგამს, პირველ რიგში იმისთვის, რომ საკუთარი უსაფრთხოება დაიცვას და ამ აურზაურში სწორი პოზიცია იპოვოს,” — განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.