ზუგდიდში ლეგენდარული ფეხბურთელის ოთარ გაბელიას წიგნის პრეზენტაციას სახელმწიფო რწმუნებული და მერი დაესწრნენ

ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელთან, ოთარ გაბელიასთან შეხვედრის საღამო ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დღესვე მოხდა ოთარ გაბელიას მოღვაწეობისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაციაც. ოთარ გაბელიასთან ერთად სცენაზე ქართული ფეხბურთის ვეტერანმა ლეგენდებმა ზუგდიდელ გულშემატკივარს მიმართეს.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მერთან დავით კოდუასთან და ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტთან გერასიმე შარაშენიძესთან ერთად დაესწრნენ. ღონისძიება სწორედ მიტროპოლიტის ლოცვა კურთხევითა და მხარდაჭერით გაიმართა.

„ბატონი ოთარის ღვაწლი, მისი თაობის ვარსკვლავ ფეხბურთელებთან ერთად ფასდაუდებელია. მადლობა, რომ გვანებივრებდით დაუვიწყარი გამარჯვებებით და ხართ მაგალითი თაობებისთვის!

ბატონო ოთარ, თქვენ, თქვენი ნიჭითა და შრომით მნიშვნელოვანი კვალი დატოვეთ ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში – მადლობა ამისთვის! პირადად ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ თქვენ ზუგდიდში დაიბადეთ, გაიზარდეთ – და ამ ქალაქის ღირსეული შვილი ხართ. წარმატებებს და დღეგრძელ სიცოცხლეს გისურვებთ” – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ.

ოთარ გაბელია ზუგდიდელია, მან კარიერა ზუგდიდის დინამოში დაიწყო. ოთარ გაბელია, დინამო თბილისის მეკარე იყო, როდესაც გუნდი 1981 წელს თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა.

„მიხარია, რომ ზუგდიდში დღესაც ისმის ამ ადამიანების სახელები და გვარები. ქედს ვიხრი მათ წინაშე და მადლობა თითოეულს იმ გამარჯვებებისთვის, რაც ყველას სიხარულით გვავსებს. ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ ბატონი ოთარ გაბელია ჩვენი ქალაქის შვილია. არაერთ ტიტულთან ერთად, მას აქვს კიდევ ერთი განსაკუთრებული ტიტული – ზუგდიდელობა. მას არასდროს ავიწყდება თავისი ქალაქი.

დიდ ლეგენდებთან ერთად, განსაკუთრებული მადლობა ზუგდიდიდან ფეხბურთის თანამედროვე ლეგენდას ხვიჩა კვარაცხელიას. ის მისაბაძი მაგალითია მომავალი თაობისთვის. მან ფეხბურთი ისევ შეაყვარა ახალ თაობას და ეს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების იდეის დიდი გამარჯვებაა” – აღნიშნა ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები