ბოლნისის მერი ზამურ ჭითანავა საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში, თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის პრემიერას დაესწრო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში, თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის პრემიერას „დაკარგული ფოტოების ამბავი“ დაესწრო. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

“2025 წლის შემოდგომით, კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით, თომა ჩაგელიშვილმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი, რომელშიც მოგვითხრობს XIX-XX საუკუნეების კატარინენფელდსა (ახლანდელი ბოლნისი) და ქალაქ ბოლნისის ერთ-ერთი უძველესი სახლის სხვენში აღმოჩენილი ფოტოარქივის შესახებ. ფოტოები ასახავს გერმანელი კოლონისტების და ქართველების ყოფას, მათ ადათ-წესებს, საქმიანობასა და რიტუალებს.
ფილმი მაყურებელს, ასევე, აცნობს თანამედროვე ბოლნისსაც, ქალაქში შემორჩენილ უნიკალურ არქიტექტურულ ნიმუშებს, მეღვინეობის აღდგენილ ტრადიციას, ბოლნისელ მეღვინეებსა და მათ ნაწარმს. ფილმში ყურადღება ეთმობა ქართულ-გერმანულ ღვინის სახლს, როგორც, ერთი მხრივ, უნიკალური ქართულ-გერმანული არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშს, ხოლო, მეორე მხრივ, ამ რეგიონში ღვინის წარმოების ქართული და გერმანული ტრადიციების თავმოყრის ადგილს.
ფილმის პრემიერის ფარგლებში, აგრეთვე, მოეწყო გასული საუკუნის 20-იანი წლებში ბოლნისში გადაღებული ფოტოების გამოფენა, რომლის სავარაუდო ავტორიც ამ დრომდე უცნობი ბოლნისელი ფოტოგრაფი, ერვანდ ხანგულიანცია.
პრემიერას, ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი, დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი სვანიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები