ისრაელი რაფას სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს 1 თებერვალს გახსნის
ღაზას სექტორისა და ეგვიპტის საზღვარზე რაფას სასაზღვრო-გამშვები პუნქტი 1 თებერვალს გაიხსნება,- ამის შესახებ ისრაელის სამოქალაქო საკითხების კოორდინაციის სააგენტო (COGAT) აცხადებს.
„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა და [ისრაელის] პოლიტიკური ხელმძღვანელობის მითითებების შესაბამისად, რაფას გადასასვლელი გაიხსნება მომავალ კვირას, 1 თებერვალს, ორივე მიმართულებით, მხოლოდ შეზღუდული გადაადგილებისთვის“, – ნათქვამია COGAT-ის განცხადებაში.
მედიის ცნობით, ღაზას სექტორში ამ სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით შესვლა და გასვლა დაშვებული იქნება ეგვიპტესთან კოორდინაციით, ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების მიერ წინასწარი შემოწმების შემდეგ და ევროკავშირის მისიის ზედამხედველობის ქვეშ.
“ღაზაში შესვლა მხოლოდ იმ ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეეძლებათ, რომლებმაც ანკლავი საბრძოლო მოქმედებების დროს დატოვეს, მხოლოდ ისრაელის წინასწარი თანხმობის შემდეგ“, – ხაზგასმით აღნიშნა დეპარტამენტმა.