სულხან თამაზაშვილი: ფერმერების მხარდაჭერას აქტიურად გავაგრძელებთ, რათა რეგიონში სოფლის მეურნეობა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან ერთად, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის წევრებს და ციტრუსის მიმღებ – გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის საქმიანობა შეაჯამეს. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კოორდინირებული მუშაობის შედეგად ციტრუსის სეზონი მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე წარიმართა.

,,ციტრუსის სეზონი წარმატებით დასრულდა. კოორდინირებული მუშაობის შედეგად, პროცესი ეფექტურად და მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე განხორციელდა, რაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახა საბოლოო შედეგებზე. ექსპორტირებულია 27 000 ტონაზე მეტი სტანდარტული მანდარინი, რომლის ღირებულებამ 43 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. გადამუშავდა 14 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი, რისთვისაც 5 მილიონ ლარამდე სუბსიდია გაიცა. ფერმერების მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ, რათა რეგიონში სოფლის მეურნეობა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს” – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

შეხვედრაზე სეზონის განმავლობაში მიღწეული შედეგები განიხილეს და არსებული გამოწვევების აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ფერმერთა მხარდაჭერის მექანიზმებზე, ციტრუსის რეალიზაციის პროცესსა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებებზე.

“შტაბის მუშაობა აქტიურად წარიმართა ორი ძირითადი მიმართულებით. პირველი მიმართულება იყო ციტრუსის ექსპორტის ხელშეწყობა, როგორც ლოჯისტიკური, ასევე სარეალიზაციო მიმართულებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ფერმერებისთვის პროდუქციის რეალიზაციის პროცესში. მეორე მიმართულება კი არასტანდარტული მანდარინის გადამუშავებას მოიცავდა, რომელსაც რეგიონის მასშტაბით სამი საკონსერვო საწარმო ახორციელებდა. სამინისტრო, მთავრობის მხარდაჭერით, აქტიურად გააგრძელებს მეციტრუსე ფერმერების მხარდაჭერას და ამ მიმართულებით 2026 წელს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს.”- განაცხადა შეხვედრისას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დენის სალუქვაძემ.

ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით ორი თვის განმავლობაში ფუნქციონირებდა.

აღსანიშნავია, რომ 2025–2026 წლების ციტრუსის სეზონზე, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან არასტანდარტული მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით 2.5 მილიონ ლარზე მეტი სუბსიდია გამოიყო. სეზონის განმავლობაში საექსპორტო მანდარინის მიღებას 20-ზე მეტი კომპანია ახორციელებდა, ხოლო არასტანდარტული ნაყოფის გადამუშავებას ქობულეთში მოქმედი ორი საკონსერვო ქარხანა უზრუნველყოფდა.

შეხვედრას აჭარის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი, უმაღლესი საბჭოს წევრები და ქობულეთისა და ხელვაჩაურის მერები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები