აფხაზეთიდან დევნილები ერთიანი ელექტრონული პორტალით ისარგებლებენ
აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთიდან დევნილებისთვის ერთიანი ელექტრონული პორტალი portal.abkhazia.gov.ge შეიქმნა, რომლის პრეზენტაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მხარდაჭერით ზუგდიდში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ერთიანი ელექტრონული პორტალი მიზნად ისახავს დევნილ მოქალაქეებსა და აფხაზეთის მთავრობის უწყებებს შორის კომუნიკაციის გამარტივებას.
„პორტალი აფხაზეთის მთავრობისა და მისი ყველა უწყების პროგრამებსა და სერვისებს ერთიან ციფრულ სივრცეში აერთიანებს, რომლის საშუალებით დევნილ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს დისტანციურად, ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე, ერთ სივრცეში მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ჯანდაცვის, განათლების, სოციალური მომსახურების, ეკონომიკის, ნდობის აღდგენისა და შერიგების მიმართულებით არსებულ ყველა პროგრამასა და სერვისზე.
პრეზენტაციაზე სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა გამოვიდნენ, რომლებმაც პორტალის ძირითად შესაძლებლობებსა და გამოყენების პრაქტიკულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.