სულხან თამაზაშვილი: ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონის კიდევ უფრო განვითარებას და დადებითად აისახება მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ლევან დარახველიძესთან, ერთად, ბათუმი-სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობისთვის განსაზღვრულ მონაკვეთზე იმყოფებოდა და პროექტს ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონის კიდევ უფრო განვითარებას და დადებითად აისახება მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
„ბათუმი-სარფის შემოვლითი გზის პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა 11.3-კილომეტრიანი ჩქაროსნული გზა, რომელიც მოიცავს 8 კილომეტრამდე გვირაბსა და 1.47-კილომეტრიან ხიდს მდინარე ჭოროხზე. პროექტის დასრულების შემდეგ, ხელვაჩაურიდან სარფამდე გადაადგილების დრო 25-30 წუთით შემცირდება.
ბათუმი-სარფის ახალი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთია, რომელიც ბათუმის შემოვლით გზას დაუკავშირდება და საქართველოს საზღვარს თურქეთის რესპუბლიკასთან დააკავშირებს. სამშენებლო სამუშაოებზე საერთაშორისო ტენდერი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ნოემბერში გამოაცხადა.
პროექტს ადგილზე გაეცნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ცინცაძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.