ალექსანდრე დარახველიძე: სამწუხაროდ, ევროპაში პირველ ადგილზე ვართ გზებზე დაშავებულების და გარდაცვალების მაჩვენებლით, თუმცა ჩვენ გვაქვს უმკაცრესი პოლიტიკა საჭესთან ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარებასთან 

,,სამწუხაროდ, ევროპაში პირველ ადგილზე ვართ გზებზე დაშავებულების და გარდაცვალების მაჩვენებლით, თუმცა ჩვენ გვაქვს უმკაცრესი პოლიტიკა საჭესთან ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარებასთან, ვისაც ამნისტიის საფუძველზე ეპატიათ, ისინი სრულად არ თავისუფლდებიან ადმინისტრაციული სახდელისგან”, – ასე გამოეხმაურა შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე შეჩერებული მართვის უფლების აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხს.

მისი თქმით, თუ ამ ქმედებას მძღოლები მეორედ ჩაიდენენ, დაისჯებიან განმეორებითი ჩადენისთვის და ბოლომდე მოუწევთ კანონით გათვალისწინებული სახდელის მოხდა.

„სამწუხაროდ, ევროპაში პირველ ადგილზე ვართ გზებზე დაშავებულების და გარდაცვალების მაჩვენებლით, თუმცა ჩვენ გვაქვს უმკაცრესი პოლიტიკა საჭესთან ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარებასთან და ამ პოლიტიკის გაგრძელებაა ის ცვლილებები, რომელიც ამავე აქტშია. ამ ცვლილებებით უქმდება ყველანაირი საშეღავათო სისტემა იმ ადამიანებისთვის, ვინც საჭე ალკოჰოლური ზემოქმედების დროს მართა. ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა მოლოდინი, რომ მაგალითად, 3 თვის გასვლის შემდეგ მოითხოვდა და აღიდგენდა მართვის მოწმობას – ეს მექანიზმი აღარ იარსებებს. ასევე, ვისაც ამნისტიის საფუძველზე ეპატიათ, ისინი სრულად არ თავისუფლდებიან ადმინისტრაციული სახდელისგან. კერძოდ, ჯარიმა თუ აქვთ დაკისრებული, გადასახდელი ექნებათ. ასევე, ითვლებიან სახდელ დადებულებად და ერთი წლის განმავლობაში თუ განმეორებით ჩაიდენენ იმავე ქმედებას, დაკვალიფიცირდება როგორც განმეორება და არა როგორც პირველად ჩადენილი ქმედება. განმეორების შემთხვევაში უფრო მკაცრი სახდელებია.

 

სახელმწიფოს მკაცრი მიდგომა აქვს, მაგრამ ერთი მხრივ, დამატებითი შანსი მიეცათ ამ ადამიანებს, თუმცა თუ გაიმეორებენ, უმკაცრესი იქნება სახელმწიფო. თუ ამ ქმედებას მეორედ ჩაიდენენ, ისინი დაისჯებიან განმეორებითი ჩადენისთვის და აღარ შეეხებათ, ბოლომდე მოუწევთ კანონით გათვალისწინებული სახდელის მოხდა”, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

 

ცნობისთვის, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივას, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენას და მართვის უფლების შეჩერებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. კანონის პროექტში, რომელსაც პარლამენტი დღეს მეორე და მესამე მოსმენით მიიღებს, მიეთითება, რომ მართვის მოწმობა დაუბრუნდება პირს, ვინც შესაბამისი სამართალდარღვევა 2025 წლის 16 დეკემბრამდე ჩაიდინა. აქამდე აღნიშნული თარიღი 10 დეკემბრით იყო განსაზღვრული. შესაბამისად, მართვის მოწმობა დაუბრუნდებათ მათ, ვისაც ის გუშინდელი დღის ჩათვლით ჩამოერთვა. ჩამორთმეული მართვის მოწმობები ეტაპობრივად, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები