უკრაინულმა დრონებმა შავ ზღვაში “ჩრდილოვანი ფლოტის” ნავთობტანკერი ააფეთქეს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) საზღვაო დრონები შავ ზღვაში კიდევ ერთ ნავთობტანკერს დაესხნენ თავს,
რომელიც რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია,- ამის შესახებ Deutche Welle წერს.
ანონიმურმა წყარომ DW-ს განუცხადა, რომ კომორის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გემმა Dashan-მა თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიიღო და წინასწარი ინფორმაციით, ის მწყობრიდანაა გამოსული.
უკრაინის დაზვერვის სამსახურმა მიუთითა, რომ ოპერაცია ერთობლივად განახორციელეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) სამხედრო კონტრდაზვერვის მე-13 მთავარმა დირექტორატმა და უკრაინის საზღვაო ძალებმა.
“უსაფრთხოების სამსახური აქტიურად აგრძელებს რუსეთის ბიუჯეტში ნავთობდოლარებიდან მიღებული შემოსავლების შემცირებას“, – აღნიშნეს უსაფრთხოების სამსახურში.
უკრაინული მხარის ცნობით, დაზიანებული ტანკერის ფასი 30 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ერთ ჯერზე მას დაახლოებით 60 მლნ აშშ დოლარის ნავთობი გადაჰქონდა.