ჟურნალისტური გამოძიება: კიბოს გამომწვევი იშვიათი მუტაციის მატარებელ კაცს, რომელიც სპერმის დონორია, ასეულობით შვილი ჰყავს
ევროპის მაუწყებლობის კავშირის (EBU) მიერ ჩატარებული მასშტაბური ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ სპერმის ერთ-ერთ დონორს, რომელიც უნებლიეთ კიბოს გამომწვევი იშვიათი გენეტიკური მუტაციის მატარებელი იყო, მთელი ევროპის მასშტაბით თითქმის 200 შვილი ჰყავს.
ბავშვებს, რომლებიც ამ მუტაციას მემკვიდრეობით იღებენ, უვითარდებათ “ლი ფრაუმენის სინდრომი” – დაავადება, რომელიც მათი სიცოცხლის განმავლობაში კიბოს განვითარების რისკს 90%-მდე ზრდის.
“ევრონიუსის” ინფორმაციით, დონორის მიერ ჩასახული ზოგიერთი ბავშვი უკვე გარდაიცვალა. რაც შეეხება დანარჩენებს, მათ უმრავლესობას სიცოცხლის განმავლობაში კიბო განუვითარდება.
გამოძიებაში 14 ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი მონაწილეობდა. მათი ინფორმაციით, დონორის გენეტიკური მუტაცია დაკავშირებულია ონკოლოგიური დაავადებების განვითარების მომატებულ რისკთან.
როგორც უცხოური მედია აღნიშნავს, შემთხვევა კიდევ ერთხელ აყენებს კითხვებს სპერმის დონაციის რეგულირების, გენეტიკური სკრინინგისა და დონორთა რაოდენობრივ შეზღუდვებთან დაკავშირებით.
დანიის ევროპულმა სპერმის ბანკმა (ESB), რომელმაც ნიმუშები მიაწოდა, აღიარა, რომ სპერმა ძალიან ბევრჯერ იქნა გამოყენებული. ბანკმა განაცხადა, რომ მუტაცია სკრინინგის დროს ვერ გამოვლინდა და რომ პრობლემის გამოვლენისთანავე დონორი „მყისიერად დაიბლოკა“.
EBU-ს მონაცემებით, დონორი სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ კლინიკებს ერთდროულად ამარაგებდა, რის გამოც მისი ბიოლოგიური შვილების ზუსტი რაოდენობის კონტროლი ვერ განხორციელდება. ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო შესაბამისი სამედიცინო და სამართლებრივი პროცედურები.
ჯანდაცვის უწყებები და ბიოეთიკის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ შემთხვევამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ევროკავშირის დონეზე რეგულაციების გამკაცრებას, მათ შორის, დონორთა მაქსიმალური რაოდენობის მკაცრ განსაზღვრასა და გენეტიკური ტესტირების სავალდებულო გაფართოებას.