ზელენსკი: აშშ-ის სამშვიდობო გეგმა შემცირდა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმა, რომელიც თავდაპირველად 28 პუნქტს მოიცავდა, გადამუშავების შემდეგ 20 პუნქტამდე შემცირდა.
მისივე თქმით, ახალი ვერსიიდან ამოღებულია რიგი პუნქტები, რომლებიც უკრაინისთვის მიუღებელი იყო. თუმცა ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად ცვლილებებისა, დოკუმენტში კვლავ რჩება რთული და პრინციპული საკითხები, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის თემა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კიევი არ განიხილავს ტერიტორიებთან დაკავშირებულ კომპრომისს და ეს პოზიცია უცვლელი რჩება ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში.
ზელენსკის თქმით, გეგმის განხილვა პარტნიორებთან გრძელდება და საბოლოო შეთანხმება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი სრულად დააკმაყოფილებს უკრაინის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს.