უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური: ჩვენთვის ტერიტორიების დათმობა მიუღებელია
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა Sky News-ს განუცხადა, რომ უკრაინისთვის უბრალოდ ტერიტორიების დათმობა რუსეთთან ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მიუღებელია.
როგორც გენერალმა ალექსანდრ სირსკიმ აღნიშნა, სამართლიანი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ფრონტის ხაზზე საბრძოლო მოქმედებები შეწყდება და შემდეგ მოლაპარაკებები დაიწყება.
როგორც გამოცემა წერს, კრემლის მიერ ომის დასრულების სურვილის შესახებ განცხადებებისადმი სრული უნდობლობის გამოხატვით, სირსკიმ პუტინი ტრამპის მიერ სამშვიდობო მოლაპარაკებების შუამავლობის მცდელობის „საფარად“ გამოყენებაში დაადანაშაულა.
„ჩვენი მთავარი მისიაა დავიცვათ ჩვენი მიწა, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობა.
ბუნებრივია, ჩვენთვის მიუღებელია ტერიტორიის უბრალოდ დათმობა. რას ნიშნავს ეს – ჩვენი მიწის დათმობა? სწორედ ამიტომ ვიბრძვით; ამიტომ არ ვთმობთ ჩვენს ტერიტორიას“, – განაცხადა სირსკიმ Sky News-თან ინტერვიუში.