Reuters: ვაშინგტონს სურს, რომ 2027 წლისთვის ევროპამ ნატოს თავდაცვითი შესაძლებლობების უმეტესი ნაწილი საკუთარ თავზე აიღოს
შეერთებულ შტატებს სურს, რომ ევროპამ ნატოს ტრადიციული თავდაცვითი შესაძლებლობების უმეტესი ნაწილი, დაზვერვიდან დაწყებული რაკეტებით დამთავრებული, 2027 წლისთვის საკუთარ თავზე აიღოს, – წერს Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ეს გზავნილი ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ნატოს პოლიტიკის ზედამხედველობაზე პენტაგონში მუშაობენ, ვაშინგტონში რამდენიმე ევროპულ დელეგაციას გადასცეს. წყაროები ამბობენ, რომ ევროპელების ნაწილმა დათქმული ვადა არარეალურად მიიჩნია.
„ამ ტვირთის აშშ-დან ნატოს ევროპელ წევრებზე გადატანა რადიკალურად შეცვლის იმას, თუ როგორ მუშაობს შეერთებული შტატები, როგორც ომისშემდგომი ალიანსის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თავის უმნიშვნელოვანეს სამხედრო პარტნიორებთან“, – წერს Reuters-ი.
შეხვედრაზე, პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ვაშინგტონი ჯერ კიდევ არ არის კმაყოფილი იმ პროგრესით, რომელსაც ევროპამ თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად 2022 წლის შემდეგ მიაღწია. ამასთან, მათ აღნიშნეს, რომ თუ ევროპა ვერ დააკმაყოფილებს დაწესებულ დედლაინს, აშშ-მა შესაძლოა შეწყვიტოს მონაწილეობა ნატოს თავდაცვის საკოორდინაციო მექანიზმების ნაწილში.