უკრაინის რადის დეპუტატს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU), ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ (SAPO) კიევში გამოავლინეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც უკრაინის პარლამენტის მოქმედი დეპუტატი ხელმძღვანელობდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უშიშროების სამსახური რადის დეპუტატის, ანა სკოროხოდის სახლში ჩხრეკას ატარებს.
უკრაინული მედიის ცნობით, დეპუტატი დიდი ოდენობით ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი. კერძოდ კი, ის თანამოაზრეებთან ერთად ერთ-ერთი ბიზნესმენისგან ქრთამის სახით 250 ათას დოლარს ითხოვდა.
გამოძიების მიხედვით, სქემა მოიცავდა სხვადასხვა ბიზნესგეგმებისა და სახელმწიფო გადაწყვეტილებების ლობირებას საფასურის სანაცვლოდ. სამართალდამცავებმა ჩხრეკისა და ოპერატიული მოქმედებების შედეგად ამოიღეს ფინანსური ანგარიშგება, ნაღდი თანხა და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებებს ამყარებს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება. NABU-სა და SAPO-ს თქმით, დეპუტატსა და მისი ჯგუფის რამდენიმე წევრს ბრალი უახლოეს დღეებში ოფიციალურად წარედგინება.