ფედერიკა მოგერინი ევროპის კოლეჯის რექტორის თანამდებობას ტოვებს

ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი, ფედერიკა მოგერინი, ევროპის კოლეჯის რექტორის თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც ევროპის პროკურატურის (EPPO) მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში მას თაღლითობასა და კორუფციაში დასდეს ბრალი.

მოგერინი უნივერსიტეტში რექტორის თანამდებობას 2020 წლიდან იკავებდა.

„იმ უდიდესი სიმკაცრითა და სამართლიანობით, რომლითაც ყოველთვის ვასრულებდი ჩემს მოვალეობებს, დღეს გადავწყვიტე დავტოვო ევროპის კოლეჯის რექტორისა და ევროკავშირის დიპლომატიური აკადემიის დირექტორის თანამდებობები.

ვამაყობ იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ და ღრმად მადლიერი ვარ იმ ნდობის, პატივისცემისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც კოლეჯისა და აკადემიის სტუდენტებმა, ფაკულტეტის წევრებმა, თანამშრომლებმა და კურსდამთავრებულებმა გამომიცხადეს “, – წერს მოგერინი Euronews-ის მიერ მოწოდებულ ელექტრონულ წერილში.

მოგერინი სამ ეჭვმიტანილს შორის იყო , რომლებიც სამშაბათს დილით დაკითხვაზე დააკავეს.

გამოძიება ფოკუსირებულია ევროკავშირის დიპლომატიურ აკადემიაზე, ახალგაზრდა დიპლომატებისთვის განკუთვნილ ცხრათვიან სასწავლო კურსზე, რომელიც საჯარო ტენდერის საფუძველზე 2021-2022 წლებში ბელგიაში მდებარე ევროპის კოლეჯს გადაეცა.

პროკურორები ცდილობენ დაადგინონ, დაარღვია თუ არა ევროპის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტენდერის წესები, კოლეჯთან ინფორმაციის გაზიარებით პროექტის ოფიციალურად მინიჭებამდე.

სამივე პირი ოთხშაბათს, დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს და ოფიციალურად აცნობეს ბრალდებების შესახებ: შესყიდვებთან დაკავშირებული თაღლითობა და კორუფცია, ინტერესთა კონფლიქტი და პროფესიული საიდუმლოების დარღვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები