ეუთო უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისთვის ემზადება
ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) უკრაინაში სამომავლო ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის მიზნით, თავისი მისიის შესაძლო განლაგებისთვის ემზადება.
“ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, მაგრამ „ჩვენ მზად ვართ“, – განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენიმ.
ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, ომის დასრულების მოლაპარაკებებში, ყურადღება კვლავ უკრაინის მხარდაჭერაზეა გამახვილებული.
მან განაცხადა, რომ როგორც კი მხარეები მზად იქნებიან ცეცხლის შეწყვეტისთვის, საჭირო იქნება ფორმატები მისი უზრუნველყოფისა და მონიტორინგისთვის. ამ მიზნით შესაძლოა ეუთო ჩაერთოს, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, მოხდება თუ არა ეს და როდის.
ეუთოს წევრი სახელმწიფოების უიარაღო ექსპერტები 2014 წლიდან 2022 წლამდე აკვირდებოდნენ უკრაინაში უსაფრთხოების სიტუაციას. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი საბიგამ აღნიშნა, რომ კონფლიქტის დასრულების შემდეგ ეუთოს შესაძლო როლის განხილვის დრო დადგება, თუმცა სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.