სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით 5 პირი დააკავეს.

შსს – ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის:

„მეთადონი“, „ალფა პვპ“, „მეფედრონი”, 5 ძირი მცენარე „კანაფი“ და და 5 კილოგრამამდე გამომშრალი „მარიხუანა“.

დაკავებულებს შორისაა პირი, რომლის მხილების მიზნით, პოლიციამ მის სახელზე გამოგზავნილი ამანათის ჩანაცვლება განახორციელა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 19-260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები