მამუკა გელაშვილმა საჯარო სამსახურში მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობისთვის ჯუმბერ კურტანიძე და ღვაწლმოსილი ბიბლიოთეკარი ნადუსი ფერაძე მადლიერების სიგელით და ფულადი პრემიით დააჯილდოვა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა გელაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ფერაძესთან და მერის პირველ მოადგილესთან, ბიბო პაპიძესთან ერთად საჯარო სამსახურში მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობისთვის, საჯარო მოხელე, ბორჯომის საპატიო მოქალაქე ჯუმბერ კურტანიძე და ღვაწლმოსილი ბიბლიოთეკარი ნადუსი ფერაძე მადლიერების სიგელით და ფულადი პრემიით დააჯილდოვა. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
ჯუმბერ კურტანიძე 40 წელი მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციაზე. იგი იყო ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და სხვა.
ნადუსი ფერაძე ნახევარ საუკუნეზე მეტი პირნათლად ემსახურა ა(ა)იპ ,,ბორჯომის საბიბლიოთეკო გაერთიანებას” .
,, მინდა მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო თქვენს მიმართ, ქალბატონი ნადუსი 50 წელზე მეტი ემსახურა ბიბლიოთეკას, წიგნებს და თაობების განათლებას. მისი ღვაწლი ფასდაუდებელია. ბატონმა ჯუმბერმა 40 წელი მიუძღვნა საჯარო სამსახურს და ღირსეულად იმსახურა არაერთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე. მისი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და სახელმწიფო ინტერესებისადმი ერთგულება სამაგალითოა. თქვენი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის,”- განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა გელაშვილმა.