საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეხვდნენ

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით,  სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან თანამშრომლობით სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ბენეფიციარებთან  შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მკაცრი პოლიტიკის თაობაზე და ბენეფიციარებს   პროკურატურის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

“შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. ბენეფიციარებმა  შეკითხვები დასვეს მათთვის საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და სამართალწარმოების პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე, რაზეც პროკურატურის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალიზებულმა პროკურორებმა, ასევე მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორმა  ბენეფიციარებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მომზადებული საინფორმაციო ბროშურები  გადასცეს.

16-დღიანი გლობალური კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ოჯახური დანაშაულების პრევენციაა.

საქართველოს პროკურატურა ყოველწლიურად უერთდება გლობალურ კამპანიას და აღნიშნული კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია პრევენციული ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები