ანა სმოლოვიკი – პირადი ჩანაწერები
ქალაქი ვარშავა საინფორმაციო პორტალ “კვირას” შემოქმედებითი ჯგუფისთვის ხშირ სავიზიტო ადგილად იქცა. რუბრიკა “პირადი ჩანაწერების” ამჟამინდელი სტუმარი სწორედ ვარშავაში ცხოვრობს. ის ერთი სუსტი, სიფრიფანა, გაზაფხულის პეპელასავით ჰაეროვანი და სათუთი არსებაა… პოლონელი ქალებისთვის მახასითებელი ტემპერამენტით, ეშხით და დახვეწილი აღნაგობითაც გამოირჩევა.
მხოლოდ 29 წლისაა და უკვე ცხოვრებისეული სიძნეელებითა და ლაბირინთებით შეძენილი გამოცდილება ღრმად არის აღბეჭდილი მის კამკამა, ცისფერ თვალებში. მე ის ვარშავის თეატრში, სპექტაკლ – “პორტნოის კომპლექსებში” მთავარი როლის შემსრულებლად ვიხილე. ფილიპ როზის რომანის მიხედვით დადგმული კომიკური ჟანრის სპექტაკლი ერთდროულად მოიცავდა ზოგადსაკაცობრიო ტკივილს – ინდივიდუალური ჭეშმარიტებისა და ბედნიერების ძიების სწორ გზას…
ბევრი სიცილის შემდეგ, სპექტაკლის დასასრულს, მაყურებელი დიდხანს დუმდა – თითოეულმა მათგანმა საკუთარი ტკივილი და პრობლემა აღმოაჩინა, გააცნობიერა, ვიღაცას შერცხვა, ვიღაც ჩაფიქრდა, ვიღაცას თვალიც კი აემღვრა და საოცრად საინტერესო კონსტრუქციით გაწყობილ სცენაზე სპექტაკლისეული სურნელი დატრიალდა – ჯადოქრობა შედგა… ემოციით დაღლილი მსახიობები დიდხანს იხრიდნენ ქედს მაყურებლის წინაშე და იგრძნობოდა, რომ მათი სხეულები ჯერ კიდევ არ დაეტოვებინათ რომანის გმირებს…. ანა სმოლოვიკი – ” უნდა იცხოვრო, როგორც პეპელამ, უბრალოდ ფერადოვანი კანი, ტახის ტყავივით გამძლე უნდა შეიქმნა”… ეს ფრაზა შთამბჭდავი იყო ჩემთვის.. თეატრის მახლობლად სადილობისთვის განკუთვნილი დრო დამითმო, თუმცა ძალიან ნერვიულობდა, და გაკვირვებით მკითხა, თუ ვისთვის უნდა ყოფილიყო საიტერესო პოლონელი მსახიობის “პირადი ჩანაწერები”, საქართველოში – ქვეყანაში, რომელიც არ უნახავს, თუმცა უყვარს, რადგან ის მზესავით ნათელი და თბილი წარმოუდგენია…
ანას ცხოვრება საინტერესო, დატვირთული, რთული და, ამავდროულად, მიმზიდველია… ის არაერთხელ დამარცხდა როგორც ბევრი წარმატების მაძიებელი პიროვნება, იმედგაცრუებაც გამოსცადა და ძნელად მოპოვებული სიყვარულიც დაკარგა. დღეს ახლიდან დაწყებულ ცხოვრებას მიჰყვება და სჯერა, რომ მიაღწევს მწვერვალს, მთავარია ემოცია და სიყვარული არ დაკარგოს საკუთარ თავში…
ძნელია ბევრი ილაპარაკო ადამიანზე, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ, მაგრამ ძალიან მინდა, რომ გაგაცნოთ… ალბათ, იმიტომ, რომ დედამიწაზე ყველას ერთნაირად სტკივა და უხარია სიყვარულის გაზიარება… მე გიზიარებთ იმ გრძნობას, რაც ამ ფარფატა პეპელასავით დახვეწილმა გოგონამ გადმომცა თეატრის ჯადოსნური სცენიდან და ვიმედოვნებ, რომ სწორედ “კვირა ” იქნება, ერთ მშენიერ დღეს, საქართველოში მისი სპექტაკლის საინფორმაციო მხარდამჭერი… ამჟამად კი, ანა სმოლოვიკის საიმიჯო ფრაზას გიტოვებთ, მისივე საინტერესო სპექტაკლის სკეჩით – “იცხოვრე და იყავი ბედნიერი დღევანდელი დღით, ის აღარ განმეორდება“!!!
[youtube url=”http://www.youtube.com/watch?v=p9aAzqajB5w&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]