Reuters-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა რაულ კასტროს ბრალდება წაუყენა

აშშ-მა კუბის ყოფილ ლიდერს, რაულ კასტროს ბრალი წაუყენა, – ამის შესახებ Reuters-ი აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

„კუბის ყოფილ პრეზიდენტს რაულ კასტროს შეერთებულ შტატებში ბრალი წაუყენეს“, – განაცხადა ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.

სააგენტო ბრალდებების დეტალებს არ ავრცელებს, თუმცა ოთხშაბათს, Fox News-მა წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა შესაძლოა კასტროს ბრალდება 1996 წელს ორი ამერიკული თვითმფრინავის ჩამოგდების ინციდენტთან დაკავშირებით წაუყენოს.

1996 წლის თებერვალში კუბის გამანადგურებლებმა ორი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციას, „Brothers to the Rescue“-ს ეკუთვნოდა, რომელიც კუბელი დევნილების მიერ მაიამიში დაარსდა. კუბის სამხედრო ძალებს მაშინ რაულ კასტრო ხელმძღვანელობდა. ინციდენტის შედეგად ეკიპაჟის ოთხი წევრი დაიღუპა. კუბის მთავრობამ თავდასხმის მიზეზად საკუთარი საჰაერო სივრცის დარღვევა დაასახელა. თუმცა, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაასკვნა, რომ თავდასხმა ნეიტრალურ ტერიტორიაზე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები