აშშ-მა უიარაღო ბალისტიკური რაკეტის, Minuteman III-ის გამოცდა ჩაატარა – პენტაგონი ბირთვული ძალების მზადყოფნას ამოწმებს

აშშ-ის საჰაერო ძალების გლობალური დარტყმების სარდლობამ აშშ-ის სახმელეთო ბირთვული ძალების მზადყოფნის შესამოწმებლად უიარაღო Minuteman III კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, – ამის შესახებ სარდლობის განცხადებაშია ნათქვამი.

„ეს გაშვება ადასტურებს ჩვენი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების სტატუსსა და მზადყოფნას, ასევე ამ სისტემის ყველა ელემენტის – ოპერატორებიდან დაწყებული თავად რაკეტით დამთავრებული – უნარს, შეასრულონ დაკისრებული მისია“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაშვება 20 მაისს, კალიფორნიაში, ვანდენბერგის საჰაერო ძალების ბაზიდან განხორციელდა. სარდლობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტესტი რამდენიმე წლით ადრე იყო დაგეგმილი და არ იყო დაკავშირებული მიმდინარე გლობალურ მოვლენებთან.

BBC-ის ცნობით, გაშვება რაკეტისა და მისი ეკიპაჟის ყოვლისმომცველი გამოცდა იყო. ინჟინრები აკვირდებოდნენ ფრენის ტრაექტორიას, ძრავის მუშაობას, მართვის სისტემას და ხელახლა შესვლის სისტემას.

576-ე საფრენოსნო-სატესტო ესკადრილიის მეთაურმა, ლეიტენანტ-პოლკოვნიკმა კერი რეიმ განაცხადა, რომ ტესტირება ადასტურებს Minuteman III-ის სრულ ოპერატიულ პროფილს და სისტემის საიმედოობას.

მიღებული მონაცემები გადაეცემა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს, ენერგეტიკის დეპარტამენტს და აშშ-ის სტრატეგიულ სარდლობას რაკეტის მდგომარეობის, მისი მოვლა-პატრონობისა და მომავალი ექსპლუატაციის ვადის ანალიზისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები