თურქეთის მოქალაქე ჰეროინის შემოტანისთვის დააკავეს

 

   შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, საპატრულო პოლიციასთან ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ნარკოტიკული ნივთიერება თურქეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით მოძრავ “მერსედესის” მარკის ავტობუსში აღმოჩნდა, რომელსაც თურქეთის მოქალაქე ჰ. ბ. კ მართავდა. ავტობუსი საბაჟო – გამშვები პუნქტის “წითელი ხიდის” ტერიტორიაზე შემოვიდა.
სატრანსპორტო საშუალების დეტალურად დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა სალონში შავი ფერის პოლიეთილენის პარკში შეფუთული, 9,5253 გრამი, მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება აღმოაჩინეს.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ეს ნივთიერება არის კუსტარული წესით მიღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინისა და არანარკოტიკული მინარევების შემცველი ნარევი, ჰეროინის წონა 7,5821 გრამია. საქმე შემდგომი რეაგირებისათვის საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები