სახალხო დამცველი შპს „რეფორმერ ფიტნესის“ მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

სახალხო დამცველი ეხმიანება შპს „რეფორმერ ფიტნესის“ მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, ხოლო საქართველოს სახალხო დამცველი, როგორც დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე ზედამხედველი ინსტიტუტი, ყველა იმ პირის განცხადებას შეისწავლის, ვინც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, საქმის სრულყოფილად შესწავლის პროცესში აპარატი ახდენს მოპასუხის ინფორმირებას და გამოითხოვს რელევანტურ ინფორმაციას.

დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი ვრცელდება ასევე, კერძო დაწესებულებებზე, რომლებიც მომხმარებლებს სერვისს და მომსახურებას სთავაზობს. ანტიდისკრიმინაციული კანონი ცალსახად განმარტავს, რომ თანაბარი მოპყრობის პრინციპი ვრცელდება საჯაროდ ხელმისაწვდომი საქონლისა და მომსახურების მიღებაზე.

გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ 2014 წელს ევროკავშირთან დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმების შედეგად, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც წარმოადგენს კონსტიტუციის მე–11 მუხლით განმტკიცებული დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპის საკანონმდებლო იმპლემენტაციის კონსოლიდირებულ მექანიზმს და კანონით დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ზედამხედველობის ფუნქცია საქართველოს სახალხო დამცველს მიენიჭა.

სწორედ სტანდარტული საქმისწარმოების ფარგლებში გამოვითხოვეთ ინფორმაცია და საპასუხო პოზიცია შპს „რეფორმერ ფიტნესისგან“, რომელიც უმნიშვნელოვანესია სავარაუდო დისკრიმინაციის შეფასებისთვის და საქმის სრულყოფილად შესწავლისთვის. კომპანიის მიერ გავრცელებული საჯარო განცხადება კი ემსახურება პირად მიზნებს, სპეკულირებს ყველასთვის განსაკუთრებით მტკივნეული საკითხით – საქართველოს ოკუპაციით და ამავდროულად ავრცელებს ცრუ ნარატივს, სახალხო დამცველისა და მისი აპარატის დისკრედიტაციის მიზნით.

კიდევ ერთხელ ცალსახად განვმარტავთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველი არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია შეისწავლოს სახალხო დამცველის აპარატში შემოსული ნებისმიერი განცხადება და საკითხის ისე წარმოჩენა, რომ სახალხო დამცველი არ უნდა რეაგირებდეს, რომელიმე ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის განცხადებებზე, ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ კანონმდებლობას, თანასწორობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს.

სახალხო დამცველი კვლავ გააგრძელებს დისკრიმინაციის თაობაზე განცხადებების შესწავლასა და მათზე რეაგირებას, განურჩევლად განმცხადებლის მოქალაქეობისა და ეროვნებისა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები