“გრიპის საწინააღმდეგო, ოთხკომპონენტიანი ევროპული ვაქცინა უკვე შემოტანილია, ვაქცინაციის პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება” – ივანე ჩხაიძე
„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, გრიპის საწინააღმდეგო, ოთხკომპონენტიანი ევროპული წარმოების ვაქცინა ქვეყანაში უკვე შემოტანილია.
როგორც ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ვაქცინაციისთვის იდეალური პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევარი, ნოემბრის დასაწყისია. მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება.
“ქვეყანაში ვაქცინა უკვე შემოტანილია. ესაა ოთხკომპონენტიანი, ევროპული წარმოების ვაქცინა და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვისაა მნიშვნელოვანი, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან. ეს არის ადამიანების ის კატეგორია, ვისთანაც გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში, დაავადების მძიმე მიმდინარეობა, გართულებები, საავადმყოფოში მოხვედრა უფრო მეტადაა მოსალოდნელი. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ოქტომბრიდან ამ ადამიანების დამატებითი ინფორმირება დავიწყოთ და რისკის ჯგუფებს შევახსენოთ, რომ საქართველოში წელს, ისე, როგორც წინა წლებში, 200 000 დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაა შემოტანილი, რომელიც უფასო იქნება, პირველ რიგში, რისკის ჯგუფების წარმომადგენლებისთვის და შემდეგ უკვე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ, გრიპის ვირუსისაგან თავი დაიცვან. ვაქცინაციისთვის იდეალური პერიოდი სწორედ ოქტომბრის მეორე ნახევარი, ნოემბრის დასაწყისია, ამიტომ ქვეყანაში ეს ვაქცინა დროულად შემოვიდა.
“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია” ქვეყნებს არჩევანის შესაძლებლობას აძლევს, რეკომენდებულია როგორც სამკომპონენტიანი, ისე ოთხკომპონენტიანი ვაქცინა. საქართველომ წელს, ისევე როგორც შარშან, თავისი არჩევანი ოთხკომპონენტიანი ვაქცინის სასარგებლოდ გააკეთა, რაც სრულიად გამართლებულია, განსაკუთრებით თუ გავიხსენებთ შარშანდელ სურათს, როდესაც ქვეყანაში B ტიპის ვირუსი ძალიან ბევრი იყო. ამ ოთხკომპონენტიან ვაქცინაში ორი – A ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო კომპონენტია, ორი – B ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო, რაც, სავარაუდოდ, მოცირკულირე გრიპის ვირუსების მაქსიმალურ გადაფარვას უზრუნველყოფს.
ვაქცინაციის პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მანვე განმარტა, ვინ შედის რისკის ჯგუფში. როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მთავარი მიზანი, გრიპის ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტის გაზრდაა.
“გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში რისკის ჯგუფებს, პირველ რიგში, ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები მიეკუთვნებიან. თუმცა, აქ ცალკე ორ წლამდე პერიოდს გამოვყოფთ, ვინაიდან ორ წლამდე ასაკში გრიპი ყველაზე უფრო მეტი გართულებით მიმდინარეობს. აქვე დავამატებ, ვაქცინაცია შესაძლებელია ექვსი თვის ასაკის ზემოთ, ანუ ექვსი თვიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია პრევენციისთვის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. რისკის ჯგუფებში ასევე შედიან ორსულები, 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და სამედიცინო პერსონალი, ვინაიდან მათ ინფიცირების ყველაზე მეტი რისკი აქვთ.
რაც შეეხება იმუნიტეტს: გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთადერთი მთავარი მიზანი, ანტისხეულების რაოდენობის გაზრდაა, ანუ გრიპის ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტის გაზრდა. თქვენ როდესაც გრიპის ვირუსის ვაქცინას იკეთებთ, თქვენი ორგანიზმის იმუნურ დაცვას კონკრეტულად ოთხი სხვადასხვა ტიპის გრიპის ვირუსის წინააღმდეგ ზრდით. გრიპის ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა განსაკუთრებით რისკის ჯგუფებისთვის მარტივი არ გახლავთ და სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანაა, როგორმე მოსახლეობის ის ფენა დავიცვათ, რომელშიც გრიპმა, შეიძლება, სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.
გრიპის ვაქცინა მოქმედებას შეყვანიდან ორი კვირის შემდეგ იწყებს. ამიტომ ვამბობთ, რომ ვაქცინაციისთვის ოქტომბერი იდეალური პერიოდია. თუ თქვენ ვაქცინას ოქტომბერში გაიკეთებთ, ორი კვირის შემდეგ, ანუ ნოემბრის დასაწყისისთვის, მაშინ, როდესაც ჩვენ გრიპის ვირუსს ველოდებით, თქვენი ორგანიზმი გრიპის ვირუსთან შესახვედრად მზად იქნება. გრიპის ვაქცინის შემდეგ რომ იმუნიტეტი ქვეითდება, დადასტურებული ფაქტი ნამდვილად არ არის. უბრალოდ, ჩვენ ვამბობთ: თუ თქვენ გინდათ, რომ გაიკეთოთ ვაქცინა და თავი დაცულად იგრძნოთ, ეს ორკვირიანი პერიოდი, მანამ, სანამ თქვენი იმუნიტეტი კონკრეტულად გრიპის ვირუსის წინააღმდეგ ჩამოყალიბდება, უმჯობესია, მოერიდოთ ნიღბის გარეშე სიარულს, დახურულ სივრცეში დიდი რაოდენობით ადამიანთან ერთად ყოფნას და ა.შ”, – განაცხადა ჩხაიძემ.
მანვე იმ რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა, რომელიც გრიპის ვირუსის თავიდან აცილებაში გვეხმარება.
“რაც შეეხება დამატებით რჩევებს, რაც ყოველთვის ამ სეზონზე შეიძლება, საინტერესო და საჭირო იყოს: ეს არის ის, რაც ჩვენ პანდემიის პირველ და მეორე წელს ძალიან კარგად ვიცოდით და გვახსოვდა, ესაა ნიღბის ტარება, დისტანციის დაცვა ( გრიპის ვირუსის შემთხვევაში ერთი მეტრიდან ორ მეტრამდე დისტანცია), ხელების ჰიგიენა, საცხოვრებელი საოფისე, სასწავლო ფართის ხშირად განიავება, მაგიდების და იმ გარემოს სველი წესით დალაგება, რომელიც თქვენს გარშემოა. ეს არის ის, რაც შეიძლება ვაქცინასთან კომბინაციაში განვიხილოთ, როგორც იდეალური შესაძლებლობა გრიპით ინფიცირების თავიდან ასაცილებლად”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ცნობისთვის, ქვეყანაში გრიპის ვირუსი, ჯერჯერობით, არ დაფიქსირებულა. როგორც ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ დროისთვის ძირითადი, წამყვანი ვირუსი რინოვირუსია.
თამუნა შეყილაძე