მაია ბითაძე – არჩევნებს არაერთი საერთაშორისო მისია დააკვირდება
„საია არჩევნებს თუ არ დააკვირდება, მისი გადასაწყვეტია, ამას არსებითი გავლენა ვერ ექნება, რადგან არჩევნებს არაერთი საერთაშორისო მისია დააკვირდება,“ – ამის შესახებ, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში რადიკალური ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო სექტორის ჩაძირვის ინტენსიური პროცესი მიმდინარეობს.
„ქვეყანაში რადიკალური ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო სექტორის ჩაძირვის ინტენსიური პროცესი მიმდინარეობს. საია-ს სარჩელები და საერთაშორისო მართლმსაჯულების სისტემაში მათი წარუმატებლობაც გვახსოვს. ალბათ, საია უკვე ხედავს, რომ ის მეთოდები, რომლებსაც წინა წლებში წინასაარჩევნოდ იყენებდა, მათ შორის პროცესების ესკალაციისა და პროპაგანდისტული მესიჯების გავრცელების თვალსაზრისით, წელს ვეღარ გააკეთებს. დამხობისთვის თუ ისინიც ემზადებიან, სამართალი კარგად უნდა იცოდნენ. თუ არჩევნებს არ დააკვირდებიან, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ამას არჩევნებზე არსებითი გავლენა ვერ ექნება, რადგან არჩევნებს არაერთი საერთაშორისო მისია დააკვირდება“, – განაცხადა ბითაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, არასამთავრობო ორგანიზაცია 4 ოქტომბრის არჩევნებს ტრადიციული სადამკვირვებლო მისიით ვერ დააკვირდება.