ლევან მაჭავარიანი: რა თქმა უნდა, 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დამაჯერებლად მოვიგებთ არჩევნებს, თბილისის შემთხვევაში კი პირველ ტურშივე ვგეგმავთ არჩევნების დასრულებას

ჩვენი გეგმა უკვე გაცხადებულია – რა თქმა უნდა, 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დამაჯერებლად მოვიგებთ როგორც მერის არჩევნებს, ისე საკრებულოს არჩევნებს. თბილისის შემთხვევაში რა თქმა უნდა პირველ ტურშივე ვგეგმავთ არჩევნების დასრულებას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა უმშვიდეს ვითარებაში ჩაიაროს და ვერავის გაუჩნდება პრეტენზია. დეპუტატმა ასევე ოპოზიციურ ფლანგზე არსებული ვითარება შეაფასა.

„გარე უფროსებმა უკვე წინა არჩევნებზე გადაწყვიტეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ფსონს ვერ აკეთებენ, რადგან ვერ ჩამორეცხეს წარსული და ფსონი გააკეთეს „ახალზე“, მაგრამ „ახალიც“ ვერ შეასაღეს ჩვენს მოქალაქეებს, როგორც „არანაცები“. შესაბამისად, წინა არჩევნების შემდეგ დაიწყო პროცესი, სახელწოდებით „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგი, რისთვისაც გამოიყენეს „ლელო“ და ბატონი გახარიას პარტია. ეს ორი დანაყოფი თითქოსდა გამიჯნეს „დედა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მოქალაქეების თვალში თითქოსდა დამოუკიდებელ ძალად წარმოაჩინონ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, უკრაინაში ომის დაწყებიდან, როდესაც საქართველო უკრაინას ყველაფრით დაეხმარა, მეორე ფრონტის გახსნის გარდა, ეს ოთხი პარტია აბსოლუტურად ყველაფერს ერთად გეგმავდა და რევოლუციურ სცენარებში ერთად მონაწილეობდა. მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ ამ პარტიების გამიჯვნა 2024 წლის შემდეგ დაიწყო და „ლელოს“ და გახარიას პარტიას განსხვავებული როლები მიენიჭათ, რათა მათ განსხვავებული ამომრჩეველი მიეზიდათ.

„გიორგი გახარია არის ადამიანი, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე იტყუება, გუნდი მიტოვებული ჰყავს, ახლა თავისივე გუნდიდან გაიქცა და სერიოზული პრობლემებია იმ გუნდში, ტოვებენ მას. ბატონი ხაზარაძე კი მსჯავრდებულია TBC ბანკიდან 17 მილიონის გაქრობაზე, ითაღლითა. შემდეგ პოლიტიკაში მოვიდა, ანაკლიის პორტი არ ამაშენებინესო, მაშინ, როდესაც კონსტიტუციაშიც კი შევიდა ცვლილება იმისთვის, რომ ხელი შეეწყო მთავრობას ყველაფრით. მან ორ საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა საქართველოს, ორივე წააგო. პარიზის საარბიტრაჟოში ისე ჰქონდა შეტანილი სარჩელი, რომ მოეგო ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან ჯიბეში მიჰქონდა 1,5 მილიარდი დოლარი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები