”როგორ შეიძლება, პროტესტის სახედ დედაქალაქის სამსახურების პარალიზება მოიაზრებოდეს, ანუ ხალხს ეუბნებიან, რომ მუნიციპალურ ხელისუფლებას ქაოსის მოსაწყობად გამოიყენებენ” – ქადაგიშვილი
“რას გვპირდება ალეკო ელისაშვილი? თუ კუპრაძე გაიმარჯვებს, მაშინ დედაქალაქი გაიფიცება, მუნიციპალური სამსახურები აღარ იმუშავებენ. ანუ დედაქალაქის მოსახლეობას ეუბნებიან, რომ მუნიციპალურ ხელისუფლებას ქალაქში ქაოსის მოსაწყობად და ცხოვრების დონის კატასტროფულად გასაუარესებლად გამოიყენებენ”, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„რას ნიშნავს, მუნიციპალური არჩევნები? ხშირად ევროპის ქვეყნებში, რამდენიმე მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის გარდა სხვა პარტიებიც იმარჯვებენ ხოლმე, თუმცა ეს რევოლუციური მოვლენების განვითარების სცენად არ იქცევა. რას გვპირდება ალეკო ელისაშვილი? თუ კუპრაძე გაიმარჯვებს, მაშინ დედაქალაქი გაიფიცება, მუნიციპალური სამსახურები აღარ იმუშავებენ. ეს ნიშნავს, რომ ნარჩენების გატანა არ მოხდება, ელექტროენერგიის გამართული მიწოდება არ იქნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამართულად არ იმუშავებს და ა.შ. ანუ დედაქალაქის მოსახლეობას ეუბნებიან, რომ მუნიციპალურ ხელისუფლებას ქალაქში ქაოსის მოსაწყობად და ცხოვრების დონის კატასტროფულად გასაუარესებლად გამოიყენებენ.
ეს განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ ალეკო ელისაშვილს პოლიტიკის აღქმის რეალური უნარი არ აქვს. ვინც ფიქრობდა, რომ „ლელოს“ კანდიდატისთვის მხარი დაეჭირა და დედაქალაქის ცხოვრებაში სიახლე დაენახა, იმედები გადაუწურეს და უთხრეს, პოზიტივს კი ნუ ელოდებით, დედაქალაქი ქაოსში ჩაერთვებაო. როგორ შეიძლება, პროტესტის სახედ დედაქალაქის სამსახურების პარალიზება მოიაზრებოდეს? ამით „ოცნებას“ დავუშავებთო? ასეთი ლოგიკა რომ აქვთ, ამიტომ არიან ასეთ მდგომარეობაში. სახელმწიფოში ცხოვრობენ თუ ანარქიულ აღრევაში? დედაქალაქის მერი ირაკლი კუპრაძე თუ გახდება, საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, აქციებზე გამოვიდნენ? შეიძლება, ადამიანმა ინატროს, რომ ოპონენტი წინასაარჩევნოდ ასეთ განცხადებებს აკეთებდეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.