“ერთ-ერთი მძიმე მეტალია ტყვია, რომელიც შეიძლება, იყოს გამონაბოლქვში და რომელმაც შეიძლება, ბავშვის ორგანიზმზე იმოქმედოს” – ივანე ჩხაიძე
“ერთ-ერთი მძიმე მეტალია ტყვია, რომელიც შეიძლება, იყოს გამონაბოლქვში და რომელმაც შეიძლება, ბავშვის ორგანიზმზე იმოქმედოს”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განუცხადა.
„საქართველოში ტყვიის ზედამხედველობის პროგრამას, რომელიც 2019 წლიდან ხორციელდება, თან ახლდა კითხვარი საცხოვრებელი ადგილის გამოკვლევის და იქ იყო ასეთი კითხვა: ხომ არ არის თქვენი საცხოვრებელი ადგილი ან სკოლა მაგისტრალური გზებისგან 200-300 მეტრის მოშორებით? ეს არის ის უსაფრთხო მანძილი, რომლის იქეთ შეიძლება, ავტომობილების გამონაბოლქვი და მტვერი ვეღარ ახდენდეს ზეგავლენას. ეს რაც შეეხება გზებს და იმ მაგისტრალებს, რომელიც შეიძლება ქალაქგარეთ არსებობდეს.
რაც შეეხება ქალაქს – თბილისში არსებობს დროის რეალურ რეჟიმში გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული კონტროლი და ყველა ადამიანს შეუძლია ნახოს, სად არის მაქსიმალური დაბინძურების ადგილები. ეს ადგილები ცნობილია. დროის გარკვეულ მონაკვეთში კონცენტრაციამ შეიძლება საშიშ რიცხვებს მიაღწიოს. ამ შემთხვევაში საერთოდ არ არის საუბარი ბავშვის გარეთ გამოყვანაზე. როდესაც ასეთი საგანგაშო მაჩვენებელია, უკეთესია ბავშვი იყოს სახლში. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ფიზიკური აქტიურობა არის საშიში“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.