ივანე ჩხაიძე: ავტომანქანის გამონაბოლქვში 38 სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება შედის – ამათგან ნაწილი პირდაპირ ხასიათდება ონკოგენური აქტიურობით
“ჰაერის დაბინძურება მიეკუთვნება ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ამის უკან ბევრი ფაქტორია, თუმცა არსებობს უფრო მუდმივი დამაბინძურებლები, რომელთაგანაც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის ავტომანქანების გამონაბოლქვი,” – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ზემოქმედება არ არის მხოლოდ და მხოლოდ სასუნთქი სისტემის მხრივ მიმართული, შეიძლება ამ პროცესში ბევრი სხვა სისტემა და ორგანი იყოს ჩართული.
„ითვლება, რომ ეს გამონაბოლქვი ზემოქმედებას ახდენს არა მხოლოდ გარემოზე, საკმაოდ სერიოზულ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვების ჯანმრთელობაზე. ეს ზემოქმედება არ არის მხოლოდ და მხოლოდ სასუნთქი სისტემის მხრივ მიმართული, შეიძლება ამ პროცესში ბევრი სხვა სისტემა და ორგანი იყოს ჩართული.
38 სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება შედის ავტომანქანის გამონაბოლქვში. ამათგან ნაწილი მოქმედებს ჰაერის დაბინძურებაზე და იწვევს სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის დაზიანებას, ნაწილი პირდაპირ ხასიათდება ონკოგენური აქტიურობით. ეს არის ყველაზე ცუდი და საგანგაშო. ჰაერის დამაბინძურებულებში შემავალი ქიმიური ნივთიერებები გლობალურად ახდენენ ადამიანის ორგანიზმზე გავლენას“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, მთავრობის დადგენილებით საქართველოში პირველი აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია.