გურამ მაჭარაშვილი: ესტონეთს პირდაპირ შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ის, სამწუხაროდ, თავიდან ბოლომდე ზის იმ ევრობიუროკრატიის ნარატივზე, რომელსაც ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია
“ესტონეთს პირდაპირ შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ის, სამწუხაროდ, თავიდან ბოლომდე ზის იმ ევრობიუროკრატიის ნარატივზე, რომელსაც ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია,”- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს მიმართ ესტონეთის ხელისუფლების დამოკიდებულებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ესტონურ საზოგადოებასა და ქართულ საზოგადოებას შორის პრობლემები არასდროს ყოფილა და არც იქნება.
„როდესაც ესტონეთი გვეუბნებოდა, რომ ომი თქვენთან უნდა იყოს, რათა შემდეგ რუსები ჩვენთვის ვერ მოიცლიანო, გასაგები იყო, რასთან გვქონდა საქმე. ესტონურ საზოგადოებასა და ქართულ საზოგადოებას შორის პრობლემები არასდროს ყოფილა და არც იქნება. რაც შეეხება ესტონეთის ხელისუფლებას, დარწმუნებული ვარ, თავად ესტონეთის მოქალაქეები გადაწყვეტენ მათ ბედს, რადგან უკვე ნათელია ევრობიუროკრატიის პრობლემა და კრიზისი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ესტონეთს საქართველოდან ელჩი სომხეთში გადაჰყავს, თბილისში კი დროებით რწმუნებულს ტოვებს.