საბჭოთა ფსიქიატრია — პოლიტიკური რეპრესიის ინსტრუმენტი დისიდენტების წინააღმდეგ
XX საუკუნის მეორე ნახევარში, ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირში ფსიქიატრია არაერთ შემთხვევაში გამოიყენებოდა, როგორც პოლიტიკური რეპრესიის ინსტრუმენტი. ეს აკადემიური კვლევებითა და არქივების გახსნის შემდეგ გამოქვეყნებული დოკუმენტებითაა დადასტურებული.
1960–1980-იან წლებში საბჭოთა უსაფრთხოების სისტემამ დანერგა პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, რეჟიმის კრიტიკოსები ხშირად პოლიტიკურ ბრალდებებზე კი არა, ფსიქიატრიულ დიაგნოზებზე დაყრდნობით იზოლირდებოდნენ. ადამიანს შეიძლებოდა ფსიქიკური „დაავადება“ აშკარა სიმპტომების გარეშე ჰქონოდა, უფრო სწორად, „სიმპტომებად“ ითვლებოდა სახელმწიფოს კრიტიკა, რეფორმების მოთხოვნა ან „იდეოლოგიური გადახრა“.
საერთაშორისო აკადემიური კვლევები მიუთითებს, რომ საბჭოთა კავშირში პოლიტიკური პატიმრების, დაახლოებით, მესამედი ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში იყო მოთავსებული. ასეთი პრაქტიკა იმდენად მასშტაბური გახდა, რომ 1970–1980-იან წლებში მსოფლიო ფსიქიატრიულ საზოგადოებაში სერიოზული კრიზისი გამოიწვია.

დასავლელი ფსიქიატრები და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციები ამტკიცებდნენ, რომ ფსიქიატრიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის არღვევდა როგორც სამედიცინო ეთიკას, ისე — ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. სწორედ ამ ფონზე, მსოფლიო ფსიქიატრიულმა ასოციაციამ 1977 წელს მიიღო დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ კრძალავდა ფსიქიატრიის გამოყენებას იქ, სადაც ფსიქიკური დაავადება არ არის დადასტურებული. ეს დოკუმენტი, პრაქტიკულად, რეაქცია იყო საბჭოთა პრაქტიკაზე.
საბოლოოდ, საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, საბჭოთა ფსიქიატრიული ასოციაცია 1983 წელს მსოფლიო ფსიქიატრიული ასოციაციიდან გავიდა (ფაქტობრივად, გარიცხვას ასცდა) და დაბრუნდა მხოლოდ 1989 წელს, როდესაც უკვე ნაწილობრივ აღიარებული იყო წარსული დარღვევები.
დისიდენტების ჩვენებები და შემდგომში გახსნილი არქივები აჩვენებს, რომ ასეთი პაციენტები ხშირად ხვდებოდნენ დახურულ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში („სპეცპსიხუშკებში“), სადაც მათ აძლევდნენ მძიმე პრეპარატებს, იზოლაციაში ამყოფებდნენ და ზოგჯერ წლების განმავლობაში აკავებდნენ სასამართლოს გარეშე. მიზანი არ იყო მკურნალობა — არამედ პოლიტიკური ნეიტრალიზაცია.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ თემამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სამედიცინო ეთიკის განვითარებაზე. ფსიქიატრიის ისტორია გახდა მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მეცნიერება სახელმწიფო ძალადობის ინსტრუმენტად გადაიქცეს.