ბიძინა გიორგობიანი: დადებითად ვაფასებ მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობას მიუნხენის კონფერენციაში – საქართველოს როლი ახალი უსაფრთხოების კონცეფციაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
“დადებითად ვაფასებ მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობას მიუნხენის კონფერენციაში – საქართველოს როლი ახალი უსაფრთხოების კონცეფციაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება,”- ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, უსაფრთხოება ის თემაა, რომელიც აერთიანებს ყველა ღირსეულ სახელმწიფოს.
„საქართველოს როლი ახალი უსაფრთხოების კონცეფციაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. სულ რამდენიმე დღის წინ ევროპის კომისიამ, რომელიც უფრო კომპეტენტური ადამიანებითაა დაკომპლექტებული, ვიდრე ეს არის კაია კალასი და მსგავსი პოლიტიკანები, რომლებიც იქ ბიუროკრატიაში არიან ჩაბუდებულები, ხაზგასმით აღნიშნა სამხრეთ კავკასიის როგორც გეოპოლიტიკური, ასევე ეკონომიკური როლი. გეოპოლიტიკა და ეკონომიკა, ეს ორი ის სფეროა, რომელიც განსაზღვრავს მომავალი ახალი მსოფლიო წესრიგის და არქიტექტურის უსაფრთხოების კონტურებს.
ძალიან მნიშვნელოვანია მაკა ბოჭორიშვილის სტუმრობა ამ უსაფრთხოების კონფერენციაზე. ძალიან პრაგმატული მიდგომაა ეს, ვინაიდან არის უსაფრთხოების კონფერენცია და საერთოდ, საერთაშორისო უსაფრთხოება ის თემაა, რომელშიც ჩვენ მუდმივად ვიყავით და ვიქნებით კიდეც ჩართული. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ღირსეული პარტნიორი ყველა იმ ღონისძიებების და უსაფრთხოების სისტემების, რომლებიც ჯერჯერობით მსოფლიოში არსებობს და რომლებიც მოქმედებენ როგორც ევროპის კონტინენტზე, ისე აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
უსაფრთხოება ის თემაა, რომელიც აერთიანებს ყველა ღირსეულ სახელმწიფოს. ყველა ღირსეული სახელმწიფოს პოლიტიკა განისაზღვრება ამ მიმართულებით დადებითად და კონსტრუქციულად. ძალიან დადებითად ვაფასებ მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობას მიუნხენის კონფერენციაში“, – აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.