ელენე ხოშტარია: უარს ვამბობ დაცვაზე, უარს ვამბობ სასამართლოში გამოცხადებაზე და ყველას გთხოვთ, არ შეწუხდეთ და არ მიხვიდეთ
,,უარს ვამბობ დაცვაზე, უარს ვამბობ სასამართლოში გამოცხადებაზე და ყველას გთხოვთ, არ შეწუხდეთ და არ მიხვიდეთ. კერონ, ჭრან, წერონ და იკითხონ”,- ამის შესახებ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას წერილშია აღნიშნული, რომელიც მის პირად სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
,,დღეს იზოლატორში შემოვიდა „სანდომიანი მამაკაცი“, გულდასმით გაპარსული წვერით და მოწესრიგებული. მივესალმე, რას ვერჩი, მაგრამ სულ რამდენიმე წუთში ეს სანდომიანი მამაკაცი გადაიქცა რუსული სისტემის ჭანჭიკად, რასაც გულისტკივილით ვადევნებდი თვალს. სრული სერიოზულობით გადაწყვიტა, რომ წამიკითხოს „ბრალი“ თავად ამ ბრალის ჟღერადობრივი ნაწილი ჩემში სიცილის დაუოკებელ სურვილს იწვევდა. მართლა ეგონა, რამეს სერიოზული სახით წარმართავდა. ცხადია, შევწყვიტე ეს სპექტაკლი.
კარგად მინდა გესმოდეთ განსაკუთრებით ჩემს მეგობრებს და გულშემატკივრებს. ამ ფარსში მილიმეტრითაც კი მონაწილეობის მიღება დაუშვებლად მიმაჩნია. გარდა იმისა, რომ თავმოყვარეობის საკითხია „ბანერის დასვრის დიამეტრზე“ საუბარი, პატარა დოზითაც კი მათ სიყალბეში ტექნიკური შეყოლა ამასთან შეგუებაა და ამას მე არ ვაპირებ.
შესაბამისად, უარს ვამბობ დაცვაზე, უარს ვამბობ სასამართლოში გამოცხადებაზე და ყველას გთხოვთ, არ შეწუხდეთ და არ მიხვიდეთ. კერონ, ჭრან, წერონ და იკითხონ. დიდი მადლობა ჩემს ადვოკატს შოთა თუთბერიძეს, რომელიც ამ არაორდინალურ ფორმაზე წამომყვა.
ბოლომდე!”,- წერს ხოშტარია.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.