იანუკოვიჩმა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

    უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანაში საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრების შესახებ კანონს ხელი მოაწერა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის უმაღლესმა რადამ ხელის აწევითა და ხმების დათვლის გარეშე     რამდენიმე კანონი მიიღო. ახალი კანონებით, პატიმრობა შეეფარდებათ საპროტესტო აქციებსა და შეკრებებში ნიღბებითა და ჩაფხუტებით მონაწილე პირებს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან პირები, ვინც ექსტრემალურ საქმიანობას ეწევიან, ასევე ადმინისტრაციული სასჯელი და ჯარიმა დაწესდა მიტინგების დროს კარვების გაშლაზე და საპროტესტო აქციების წაქეზებისთვის, იკრძალება ავტოკოლონაში ხუთ მანქანაზე მეტით გადაადგილება. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია რადის მიერ წესების დარღვევით მიღებულ კანონებს უკანონოდ მიიჩნევს, “რეგიონების” პარტიაში აცხადებენ, რომ ყველაფერი კანონიერი გზით მოხდა. რადის კანონებზე შეშფოთება გამოთქვეს აშშ-მა, ევროკავშირმა, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა და იანუკოვიჩს მოუწოდეს, ხელი არ მოეწერა ახალი კანონებისთვის. უკრაინის უმაღლესმა რადამ კანონი მანიფესტაციების წესების გამკაცრების შესახებ ხუთშაბათს მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები