ნატო-უკრაინის საბჭო ბრიუსელში საგანგებო ფორმატში შეიკრიბება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას ინფორმაციით, ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება.
მისივე ცნობით, საბჭოს რიგგარეშე სხდომა უკრაინის მოთხოვნით და რუსეთის მიერ ბოლო დროს განხორციელებული მასიური საჰაერო თავდასხმების საპასუხოდ შედგება.
“ველით, რომ გაიმართება ფოკუსირებული დისკუსია ერთობლივი ნაბიჯების შესახებ, რათა ადეკვატურად ვუპასუხოთ რუსეთის მიერ სამშვიდობო ძალისხმევის უარყოფას და უკრაინელების წინააღმდეგ ტერორის ესკალაციას. მადლიერები ვართ ნატო-ს და ყველა მოკავშირის მიმართ, რომლებიც აგრძელებენ უკრაინისა და სამშვიდობო ძალისხმევისადმი მტკიცე მხარდაჭერის გამოვლენას. ომის გაჭიანურების გამო მოსკოვმა უფრო ძლიერი ზეწოლა უნდა იგრძნოს”, – წერს სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე.