არჩილ გორდულაძე: მცდელობები, რომ ჩვენს ქვეყანაში მავნებლობა შემოიტანონ, კრახისთვის არის განწირული

,,არ არის გასაკვირი, როდესაც დიდი ბრიტანეთის ჩართულობით ხდება ადამიანების მომზადება ე.წ. პროტესტისთვის, რეალურად კი ჩვენს ქვეყანაში კვლავ ძალადობრივი აქციების მოსაწყობად, ხელისუფლების გადასატრიალებლად და ძალადობრივი გზით აგენტურის ხელისუფლებაში მოსაყვანად”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, მცდელობები, რომ საქართველოში მავნებლობა შემოიტანონ, კრახისთვის არის განწირული.

„ეს ყველაფერი არ გვიკვირს, რადგან ზუსტად ბრიტანეთის საელჩო იყო, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში მყოფი ორი ადამიანის დაფინანსებას ცდილობდა და ეს შეფუთული იყო ყველანაირ აზრს მოკლებული საფარველით. ახლაც ზუსტად იგივე ხდება. არც ის არის გასაკვირი, რომ ამ ყველაფერში ისევ და ისევ ბრიტანეთია ჩართული. ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს რომ დავესესხო, „დიფ სთეითის“ გავლენები განსაკუთრებით ძლიერია დიდ ბრიტანეთში და სწორედაც რომ „დიფ სთეითი“ ახლა თავისი აგენტების გაწვრთნას სხვადასხვა ქვეყანაში ცდილობს, რაც შემდეგ საქართველოში არეულობა იყოს. ეს საზოგადოებისთვის გასაკვირი არ არის.

მთავარია, სამართალდამცავი ორგანოებიც, ქართველი ხალხიც და „ქართული ოცნება“ მყარად ვდგავართ, რათა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი დავიცვათ და ასეთი ტრენინგები თუ ჩართულობები და მცდელობები, რომ ჩვენს ქვეყანაში მავნებლობა შემოიტანონ, რა თქმა უნდა, კრახისთვის არის განწირული“, – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ლიეტუვაში ამზადებს. ტრენინგები არასამთავრობო ორგანიზაციების, „ბრიტანულ-ქართული საზოგადოებისა“ და „სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის“ ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები